პროდუქტი

ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგი

ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგი

ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგი

შემადგენლობა:

ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს:
• შიგელების (Shigella);
• სალმონელების (Salmonella);

ნაწლავის ჩხირის (E.coli);
• პათოგენური სტაფილოკოკების (Staphylococcus);
მიმართ.
არააქტიური ნივთიერებების სახით: ბაქტერიულ საკვებ ბულიონს, ფიზიოლოგიურ ხსნარს. კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.

აღწერა:

მოყვითალო – ღია ყავისფერი სითხე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ენკო ბაქტერიოფაგი იწვევს ოქროსფერი და ეპიდერმალური სტაფილოკოკების, შიგელების, ნაწლავის ჩხირის და სხვადასხვა სეროტიპის სალმონელების სპეციფიკურ ლიზისს.

გამოყენების რეკომენდაციები:

ფაგო-ენკო წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის და კომპლექსურად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.


ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგი გამოიყენება ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ნაწლავური ინფექციების დროს. ენტერალური ინფექციები: დიზენტერია, სალმონელოზი, დისპეპსია, კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, სტაფილოკოკური ტოქსიკოინფექციები, დისბაქტერიოზი და სხვა.

მიღების წესი და დოზირება:

ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგი გამოიყენება Per os, დაავადების პირველივე დღიდან 5-6 დღის განმავლობაში, შემდეგი დოზებით:
• ბავშვებში 3 წლის ასაკამდე - 5 მლ-ის ოდენობით ერთ მიღებაზე;
• ბავშვებში 3 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში -10 მლ-ის ოდენობით ერთ მიღებაზე, დღეში 4-ჯერ საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე. დალევის წინ რეკომენდებულია 2-3% საკვები სოდიანი ხსნარის მიღება.

ამავე დროს რეკომენდირებულია დღეში ერთხელ (უმჯობესია საღამოს, სოდიანი ხსნარით გამწმენდი ოყნის შემდეგ) ბაქტერიოფაგის შეყვანა Per rectum 10 მლ-ის რაოდენობით ბავშვებში და 20 მლ-ის რაოდენობით, მოზრდილებში.
მასიური ნაწლავური ინფექციების გამოვლინების დროს სტაციონარში მყოფ ყველა ავადმყოფს კლინიკური დიაგნოზის მიუხედავად უტარდება ფაგირება დღეში ორჯერ, 10-20 მლ-ის ოდენობით 5 დღის განმავლობაში.

განსაკუთრებული მითითებები:

გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში ფაგო-ენკო არ გამოიყენოთ!!! არ შეინახოთ ფლაკონის გახსნის შემდეგ!!!

ჭარბი დოზირება, უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები:

ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა. ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.
ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ფაგო-ენკოს გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების პარალელურად. ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.

ომხმარებელთა განსაკუთრებული კატეგორიები:
ორსულობა და ლაქტაცია:

ბაქტერიოფაგების გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

ხანდაზმულები:

ბაქტერიოფაგები ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
ბაქტერიოფაგების გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.

შეფუთვა:

ფაგო-ენკო გამოდის 10 მლ-იან ფლაკონებში (ერთ ყუთში 5 ფლაკონი)

შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა:

ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგი ინახება მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ ადგილას, +2C - +8C ტემპერატურაზე. შენახვის ვადაა 24 თვე.

გაცემის რეჟიმი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შემუშავებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში

ფაგო-ენკო წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას და არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

შპს “ელიავა ბიოპრეპარატები”
გოთუას ქ. 3, თბილისი, 0160, საქართველო ტელეფონი: +995 (32) 2370702;
ელ-ფოსტა: info@phage.ge



ჩამოტვირთეთ ინსტრუქცია
 
რეგისტრაციის სერთიფიკატი
 
პროდუქტის უსაფრთხოების ფურცელი (MSDS)