ფაგო-სეს ბაქტერიოფაგი
შემადგენლობა:
ფაგო-სეს ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს:
•სტაფილოკოკების (Staphylococcus)
•სტრეპტოკოკების (Streptococcus)
•ნაწლავის ჩხირის (E.coli)
ბაქტერიების მიმართ.
ასევე, არააქტიური ნივთიერებების სახით პრეპარატი შეიცავს: ბაქტერიულ საკვებ ბულიონს, ფიზიოლოგიურ ხსნარს.
აღწერა:
მოყვითალო – ღია ყავისფერი სითხე.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფაგო-სეს ბაქტერიოფაგი იწვევს სხვადასხვა ინფექციების გამომწვევი: სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების და ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის (სხვადასხვა სეროტიპების) ბაქტერიების სპეციფიკურ ლიზისს.
გამოყენების რეკომენდაციები:
ფაგო-სეს წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის და კომპლექსურად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს.
ფაგო-სეს-ის გამოყენება რეკომენდირებულია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: ცხვირ-ხახის ინფექციები: ოტიტი, ანგინა, ლარინგიტი, რინიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პლევრიტი. კანის ინფექციები: ფურუნკულები, კარბუნკულები, ღრმა ინფილტრაციული და აბსცესური სიკოზები, პიოდერმიტები. ქირურგიული ინფექციები: აბსცესები, ჩირქოვანი ჭრილობები, მასტიტები, ოსტეომიელიტები, ფლეგმონა. პირის ღრუს ანთებითი პროცესები: სტომატიტი, გინგივიტი და სხვა. თვალის ინფექციები: ბაქტერიული კონიუქტივიტები. დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები. უროგენიტალური და გინეკოლოგიური ინფექციები: ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლიტი, ენდომეტრიტი. ენტერალური ინფექციები: გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, სტაფილოკოკური ტოქსიკოინფექციები, დისბაქტერიოზი. ბავშვთა (მათ შორის ახალშობილთა) სხვადასხვა ჩირქოვან-ანთებითი ინფექციები, ასევე ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადმყოფოს შიდა ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.
მიღების წესი და დოზირება:
ფაგო-სესი გამოიყენება, როგორც ადგილობრივად დაზიანებული კერის დასამუშავებლად (საფენების სახით), ასევე ღრუში შესაყვანად (შარდის ბუშტი, პლევრა, ღრუ ჭრილობები, მუცლის ღრუ, აბსცესის ღრუ, ცხვირის ღრუ, საშვილოსნო, საშო).
ფაგო-სესი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს დასალევად, ასევე ზონდის, დრენაჟის და ოყნის სახით. ფაგის ადგილობრივი გამოყენება ხდება 3-8 დღის განმავლობაში, დღეში სამჯერ. ფაგის რაოდენობა განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით. თუ ფაგის გამოყენებამდე ჭრილობა დამუშავებული იყო სხვადასხვა ქიმიური ანტისეპტიკებით, იგი უნდა გაიწმინდოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით და დამუშავდეს 2-3% სოდიანი ხსნარით. აბსცესების, პლევრიტების და ართრიტების დროს ბაქტერიოფაგის ღრუში შეყვანა ხდება ჩირქის გამოდევნის შემდეგ, 50-200 მლ რაოდენობით, დღეგამოშვებით. ცისტიტების, პიელიტების დროს ფაგის შეყვანა ხდება კათეტერით. ქოლეცისტიტების დროს ზონდირებით 30 მლ ოდენობით, დღეგამოშვებით. კონიუქტივიტების დროს ბაქტერიოფაგს აწვეთებენ დღეში 4-6 ჯერ, 2-3 წვეთის ოდენობით. ახალშობილთა ომფალიტების და პიოდერმიების დროს ბაქტერიოფაგი გამოიყენება საფენების სახით, დღეში ორჯერ, 5-7 დღის განმავლობაში. Per os ბაქტერიოფაგის გამოყენების წინ რეკომენდებულია 2-3% საჭმელი სოდიანი ხსნარის მიღება.
განსაკუთრებული მითითებები:
გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში ფაგო-სესი არ გამოიყენოთ!!! არ შეინახოთ ფლაკონის გახსნის შემდეგ!!!
ჭარბი დოზირება, უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები:
ფაგო-სეს-ის გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა. ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.
ფაგო-სეს ბაქტერიოფაგის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ფაგო-სეს-ის გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების პარალელურად. ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.
მომხმარებელთა განსაკუთრებული კატეგორიები:
ორსულობა და ლაქტაცია:
ბაქტერიოფაგების გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
ხანდაზმულები:
ბაქტერიოფაგები ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
ბაქტერიოფაგების გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.
შეფუთვა:
ფაგო-სესი გამოდის 10 მლ-იან ფლაკონებში (ერთ ყუთში 5 ფლაკონი)
შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა:
ფაგო-სეს ბაქტერიოფაგი ინახება მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ ადგილას, +2C - +8C ტემპერატურაზე. შენახვის ვადაა 24 თვე.
გაცემის რეჟიმი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შემუშავებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში
ფაგო-სესი წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას და არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
მწარმოებელი:
შპს “ელიავა ბიოპრეპარატები”
გოთუას ქ. 3, თბილისი, 0160, საქართველო ტელეფონი: +995 (32) 2370702;
ელ-ფოსტა: info@phage.ge
ჩამოტვირთეთ ინსტრუქცია
პროდუქტის უსაფრთხოების ფურცელი (MSDS)