ფაგო-სეს ბაქტერიოფაგი
ფაგო-სეს ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს: სტაფილოკოკების (Staphylococcus), სტრეპტოკოკების (Streptococcus), ნაწლავის ჩხირის (E.coli)
ბაქტერიების მიმართ.
ასევე, არააქტიური ნივთიერებების სახით პრეპარატი შეიცავს: ბაქტერიულ საკვებ ბულიონს, ფიზიოლოგიურ ხსნარს.
ფაგო-სეს ბაქტერიოფაგი იწვევს სხვადასხვა ინფექციების გამომწვევი: სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების და ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის (სხვადასხვა სეროტიპების) ბაქტერიების სპეციფიკურ ლიზისს.
ფაგო-სეს წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის და კომპლექსურად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს.
ფაგო-სეს-ის გამოყენება რეკომენდირებულია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: ცხვირ-ხახის ინფექციები: ოტიტი, ანგინა, ლარინგიტი, რინიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პლევრიტი. კანის ინფექციები: ფურუნკულები, კარბუნკულები, ღრმა ინფილტრაციული და აბსცესური სიკოზები, პიოდერმიტები. ქირურგიული ინფექციები: აბსცესები, ჩირქოვანი ჭრილობები, მასტიტები, ოსტეომიელიტები, ფლეგმონა. პირის ღრუს ანთებითი პროცესები: სტომატიტი, გინგივიტი და სხვა. თვალის ინფექციები: ბაქტერიული კონიუქტივიტები. დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები. უროგენიტალური და გინეკოლოგიური ინფექციები: ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლიტი, ენდომეტრიტი. ენტერალური ინფექციები: გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, სტაფილოკოკური ტოქსიკოინფექციები, დისბაქტერიოზი. ბავშვთა (მათ შორის ახალშობილთა) სხვადასხვა ჩირქოვან-ანთებითი ინფექციები, ასევე ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადმყოფოს შიდა ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.