ელიავას ინსტიტუტს გააჩნია ბაქტერიოფაგების კვლევისა და გამოყენების 100 წლიანი გამოცდილება. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ბაქტერიებისადმი რეზისტენტულობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი დაარსდა 1923 წელს, ექიმის, ბაქტერიოლოგისა და ბაქტერიოფაგების მკვლევარის, პროფესორ გიორგი ელიავას მიერ. ინსტიტუტის შემდგომი განვითარების სტრატეგიული ხაზის განსაზღვრაში დიდი როლი ითამაშა გამოჩენილმა კანადელმა მეცნიერმა, ბაქტერიოფაგიის ფენომენის ერთ-ერთმა აღმომჩენმა, ფელიქს დერელმა. ამ მეცნიერებმა შეიმუშავეს საქართველოში ფაგის კვლევისა და ფაგური თერაპიის მსოფლიო ცენტრის შექმნის ერთობლივი იდეა. 1937 წელს, პოლიტიკური ტერორის პირობებში, გიორგი ელიავა დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს ხოლო, ფელიქს დერელი, მას შემდეგ აღარასოდეს დაბრუნებულა საქართველოში. ამ სამწუხარო ფაქტის მიუხედავად გიორგი ელიავას გუნდმა მისი საქმე ერთგულად გააგრძელა ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში.
ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ელიავას ინსტიტუტი წარმოდგენილი იყო რამდენიმე საპატიო ტიტულით, რომელთაგან ყველაზე ცნობილია სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება (“სსგ”) “ბაქტერიოფაგი”. მასში შედიოდა ორი ძირითადი ნაწილი, კვლევითი ინსტიტუტი და სამრეწველო საწარმოო ნაწილი, რომელიც შედგებოდა ათი საწარმოო ერთეულისგან. მთლიანობაში, დაახლოებით 800-1000 ადამიანი მუშაობდა სსგ “ბაქტერიოფაგი”-ში, რომელთაგან, დაახლოებით 100-120 მეცნიერი იყო ჩართული სამეცნიერო კვლევებში.
საბჭოთა პერიოდში, ელიავას ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული წარმოშობის დაავადებების წინააღმდეგ ახალი ბიოლოგიური პრეპარატების (ფაგური პრეპარატები, ვაქცინები, შრატები, დიაგნოსტიკუმები) შემუშავებასა და წარმოებაში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამწუხაროდ მოხდა სამეცნიერო საწარმოო გაერთიანების დაშლაც. ძირეული ცვლილებების მიუხედავად, ელიავას ინსტიტუტი კვლავ წამყვანი ორგანიზაციაა მთელს მსოფლიოში ბაქტერიოფაგების კვლევასა და პრაქტიკულ გამოყენებაში.